სანამ უშუალოდ კონკრეტულ სისტემებზე გადავიდოდეთ, ზოგადად გავეცნოთ იმ განლაგებისა და შენახვის მეთოდს, რომელსაც ორივე სისტემა იყენებს.
იმისათვის, რომ ოპერაციულმა სისტემამ დისკზე მუშაობა შეძლოს, დისკი იყოფა კონცენტრირებულ ნაწილებად (ბილიკებად), მათ ინგლისური ტერმინოლოგიით ტრეკებს ეძახიან (ქართულად ბილიკებს). ყოველი ბილიკი წარმოადგენს კონცენტრულ წრეს, რომელსაც იდეაში არც თავი აქვს და არც ბოლო. მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ აურზაური არ იყოს, დისკის თითოეული ბილიკი დაყოფილია რამდენიმე ერთნაირი ზომის ნაწილად. ასეთ ნაწილს სექტორს ეძახიან და მასში ინახება მინიმალური ინფორმაციის რაოდენობა. დღესდღეისობით არსებულ ყველა დისკში ერთ სექტორში 512 ბაიტი ინახება. როგორც იცით, დისკის ფირფიტა ძალიან გავს კომპაქტ დისკს. ადვილი მისახვედრია, რომ გარე ბილიკი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე შიდა ბილიკი. შესაბამისადაც არის განლაგებული ყოველ ბილიკზე სექტორების რაოდენობა, თუმცა თავიდან დისკების პირველ ეპოქაში ყოველ ბილიკზე მიუხედავად მისი სიგრძისა, სექტორების ერთნაირი რაოდენობა იყო განთავსებული. შემდეგ ეს (კორექტულად) მიჩნეული იყო ადგილის უაზრო ხარჯვად. ასე რომ სისტემაც შეიცვალა.
სექტორი შეიძლება ჩავთვალოთ კორპუსის მაცხოვრებლად, ანუ მობინადრედ. ყოველ კორპუსს გააჩნია თავისი სარჩევი, ანუ მობინადრეთა ჩამონათვალი. იმისთვის, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან არ გაიზარდოს, ჩვენ ყველა მოსახლეს ცალცალკე მისამართს კი არ ვუწერთ, არამედ ვაერთიანებთ მათ ბინების მიხედვით, ეს კი სარჩევში ადგილის ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. ასევეა დისკებზეც, იმის გამო რომ დისკზე სექტორები ძალიან ბევრია, ხოლო მათი მისამართების ჩასაწერი ადგილი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს, იძულებული ვართ სათითაო სექტორის მაგივრად ჩავწეროთ სექტორების ერთაინობა ერთ მისამართზე. სექტორების ერთიანობას დაერქვა კლასტერი. კლასტერში შეიძლება იყოს გაერთიანებული 1 ან რამდენიმე ათეული სექტორი, დღეისათვის მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში 128 სექტორია. ეს რაოდენობა განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რა ზომისაა დისკი და რამდენია მასზე სექტორების რაოდენობა. მაგალითად თუ დისკზე გაქვთ 16 ათასი სექტორი, ხოლო სარჩევში მხოლოდ 2 ათასი ჩაწერის ადგილი, მაშინ თქვენ 8 სექტორის გაერთიანება და მათთვის ერთი მისამართის, ანუ კლასტერის მითითება მოგიწევთ. თუ დისკის ზომა უფრო დიდია, მაშინ ერთ კლასტერში უფრო მეტი სექტორის გაერთიანება მოგიწევთ და პირიქით.
ახლა კი დროა თვითონ ფაილურ სისტემებზე გადავიდეთ, სწორედ მათი მეშვეობით ხდება ინფორმაციის და სექტორების შენახვა, ასევე კლასტერებად კლასიფიცირება.
| |
|
|
|