მთავარი / HTML / პირველი ნაბიჯები - უმარტივესი ცნებები  

ნაბიჯი 13 - რა არის ბმული?

ამ ნაბიჯზე მსოფლიო აბლაბუდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისზე - ბმულებზე გვექნება საუბარი.

მათ გარეშე სრულყოფილი კი არა, ოდნავ მოხერხებული ვებ-გვერდებიც ვერ შეიქმნებოდა. თქვენ დღეში ათეულობით საიტს ათვალიერებთ, მოგზაურობთ ერთი გვერდიდან თუ საიტიდან მეორეზე, მაგრამ ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ, თუ რა გაკეთებინებთ ამას ერთი წკაპით. მოკლედ, გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე:

ბმულის ტეგს მხოლოდ "a" ჰქვია, თუმცა მისი არსებობა ატრიბუტების გარეშე წარმოუდგენელია. მას ბევრი ატრიბუტი გააჩნია, მაგრამ ამ ნაბიჯში მხოლოდ ორს გავეცნობით.

მათგან ერთი აუცილებელს href ჰქვია. ის შეიცავს მისამართს, რომელზეც გადამისამართდება ბრაუზერი ბმულზე დაწკაპუნების შემთხვევაში. შეგიძლიათ ცოტა წაიექსპერიმენტოთ კიდეც და ნახავთ, რომ სიტყვის მხოლოდ ბმულის ტეგში ჩასმა არანაირ შედეგს არ მოიტანს, ზემოთ ნახსენები ატრიბუტის მიმატება კი სიტყვას სრულუფლებიან ბმულად გადააქცევს.

ჩვენს მაგალითში შევქმნით ახალ ფაილს(prf.html), რომელშიც ტექსტთან დაკავშირებული სურათები იქნება მოთავსებული, ხოლო ტექსტში დავამატებთ ფრაზას, რომელიც დაჭერის შემთხვევაში ბრაუზერს სურათების გვერდზე გადაიყვანს. საბოლოო სინტაქსი ასეთი იქნება:

<a href="prf.html">ტექსტი</a>

როცა ტეგში მოთავსებოლ ტექსტს დააკლიკებთ, ბრაუზერი prf.html-ს გაგიხსნით.

მეორე ატრიბუტი, რომელზეც საუბარი გვექნება, link გახლავთ. ის body ტეგის ატრიბუტია და ბმულის ძირითადი ფერის მისათითებლად გამოიყენება. ალბათ გასაგებია, რომ მისი მნიშვნელობა ფერის კოდი იქნება. ბმულის ფერის სარეგულირებლად კიდევ ორი body ტეგის ატრიბუტის გამოყენება შეგვიძლია. მათ alink და vlink ჰქვიათ და შესაბამისად აქტიური ბმულის და მონახულებული ბმულის ფერების სარეგულირებლად გამოიყენება. მაგალითად:

<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF" link="#339999" alink="#339999" vlink="#339999">

ზემოთ მოყვანილ მაგალითში სამივენაირი ბმულის ფერი ერთნაირია, მაგრამ რა თქმა უნდა, განსხვავებულიც შეიძლება.

ვნახოთ, თუ რა ცვლილებები მოგვიტანა ბმულმა ჩვენს მაგალითში.


     
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
<div align="center">
<H3>მოგესალმებით!</H3><font color="#CC0000"> ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font>
</div>
<p align="justify">
<img src="primtocodephoto.jpg" align="left" hspace="30" vspace="5" alt="intel">ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. <b>სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს</b>, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია. <a href="prf.html">ვნახოთ სურათები.</a>
</p>
</body>
</html> (ვნახოთ)


მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილას სხვა ფერის ბმული დაგვჭირდა? როგორც ვიცით, ტექსტის ფერის შეცვლა ტეგ font-ს შეუძლია. დროა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობა ბმულებზეც ვრცელდება. შეიძლება კოდი ცოტა დიდი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც თევზი უნდა, ფეხიც უნდა დაისველოს :) კოდი შემდეგნაირია:

<a href="prf.html"><font color="#CC0000">ტექსტი</font></a>

მიაქციეთ ყურადღება, რომ ტეგი <font> ტეგ <a>-ს შიგნით იწერება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბმულის კი არა, <font>...</font>ატრიბუტში მოთვსებული ტექსტის(და არა ბმულის) ფერი შეგეცვლებათ.